9 Signs that We are Losing Weight Correctly

9 მინიშნება რომ სწორად ვიკლებთ

დავიწყეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, ვიკვებებით სწორად, ვვარჯიშობთ ან რაიმე სხვა სახის ფიზიკური აქტივობით ვართ დაკავებული, ამ ყველაფერთან ერთად წონაშიც ვიკლებთ, გვიხარია, ზოგჯერ გვიჭირს, ზოგჯერ სწორ გზას ავცდებით, მაგრამ კალაპოტში ისევ ვდგებით, მოკლედ, როგორც შევთანხმდით ვცვლით ცხოვრების სტილს უკეთესობისკენ, თავსაც ბევრად კარგად ვგრძნობთ, უფრო მშვიდად, მსუბუქად, უფრო ჯანსაღადაც კი. ზოგჯერ სასწორი გვიშლის ნერვებს, მაგრამ მაგის კონტროლსაც ვსწავლობთ. 

თვალსაჩინო და სასურველი შედეგი სწორი და ჯანსაღი კლებით მალე არ მოდის, ეს თემაც განხილული გვაქვს, მაგრამ მინდა უფრო სიღრმისეულად შევეხო აღნიშნულ საკითხს.

არაერთხელ მითქვამს, რომ თუ ჯანსაღად და სწორად გვინდა წონაში დაკლება, უნდა შევცვალოთ ცხოვრების სტილი, მაგრამ ამ გზაზე რთულია გაჩერება, თუ შედეგი აყოვნებს. იცოდით, რომ სანამ ორგანიზმი შეეგუება ახალ, ჯანსაღ ცხოვრებას და კილოგრამების კლებას გაჩვენებთ, სხვადასხვა სახის მინიშნებებს გვაძლევს, რომ ყველაფერი სწორად მიდის? 

მინიშნება N1

გამოგისწორდა ძილი? იმიტომ ხომ არა, რომ ძედმეტი წონის კლება უხარია ორგანიზმს და სხეული უკეთესად მუშაობს? ან იქნებ იმიტომ, რომ ბევრად ჯანსაღად იკვებები და სხეულს აძლევ მოდუნების უფლებას? ნებისმიერ შემთხვევაში გიხაროდეს, ჯანსაღი ცხოვრებისკენ და სწორად წონაში კლებისკენ ერთი ნაბიჯით წინ ხარ.

მინიშნება N2

უფრო პროდუქტიული ხარ? საქმეს უკეთესად ართმევ თავს, ნაკლებად იღლები, ტვინიც უკეთესად მუშაობს, რა თქმა უნდა, ვინაიდან ზედმეტი საჭმლის გამო აღარ ხარ გამძღარი და გადაღლილი და თანაც ვარჯიშით მიიღე უსაზღვრო ენერგიები. დიახ, ვარჯიში აღარ გღლის, პირიქით ენერგიას გმატებს.

მინიშნება N3

არ იცი სად წაიღო ეს მოზღვავებული ენერგია, არადა ნაკლებს ჭამ ვიდრე მანამდე და ფიზიკურადაც უფრო იტვირთავ თავს? დიახ, ჯანსაღი პროდუქტი გაძლევს მეტ ენერგიას, ზედმეტი კილოგრამების დაკლება და კლების პროცესი გაძლევს მეტ ენერგიას, სწორი ვარჯიში გაძლევს მეტ ენერგიას...

მინიშნება N4

წყალს სვამ უფრო მეტს? დიახ, შენი ორგანიზმი აღარ არის გაჟღენთილი “ცუდი” და ბევრი საკვებით, გაუწყლოვანების შეგრძნებას აღარ ურევ შიმშილის გრძნობაში და ორგანიზმს აწვდი სწორედ იმ ჯანსაღ სითხეს, რომელიც მას ყოველთვის უნდოდა.

მინიშნება N5

შეგიყვარდა ბოსტნეული? შენი ორგანიზმი უკვე ეგუება ჯანსაღ პროდუქტებს, აღარ უნდა გამუდმებით ცხიმიანი საკვების მიღება. კლების პროცესი დაწყებულია.

მინიშნება N6

გასაკვირია, მაგრამ უფრო აქტიური ხარ, ვარჯიშობ მეტს, თანაც მოგწონს, ანუ ორგანიზმმა დაიწყო არასასურველი ჩამჯდარი ცხიმების წვა.

მინიშნება N7

მოტივაციას აღარ გიგდებს სასწორი, არც დღეს მიღებული ნამცხვარი, იცი რომ ეს პროცესის ნაწილია, იცი, რომ ეს შენ ვეღარ შეგაჩერებს, იცი, რომ შედეგი იქნება და თანაც სამუდამო.

მინიშნება N8

ეძებ ჯანსაღ რეცეპტებს. ცხოვრებაში არ გაგიკეთებია არანაირი კერძი და აი დაიწყე…

მინიშნება N9

ხშირად ხარ კარგ ხასიათზე.

მინიშნებების თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს. თუ ზემოთ ხსენებული პუნქტიდან ერთი მაინც შეიგრძენი, რომელიც აქამდე შენთვის უცხო იყო, იცოდე, რომ სწორ გზას ადგახარ, შედეგი მოდის და მალე გაგახარებს.

მეტი სტატია