Red Flag to Every Diet

წითელი დროშა ყველა დიეტას

სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში სწორი კვება და ჯანსაღი ცხოვრების სტილი აქტუალური არც თუ ისე დიდი ხნის წინ გახდა, ხოლო რაც შეეხება ჯანსაღად და სწორად წონაში კლებას, აქ დღესაც ძალიან ბევრი პრობლემები გვაქვს.

ხმალამოღებული ვებრძვი დიეტებს, ძალიან დიდი ძალისხმევა და ენერგია მიმდის იმის დამტკიცებაში, რომ შიმშილით დაკლებული კილოგრამები აუცილებლად დაბრუნდება, რომ არაფერი ვთქვა ჯანმრთელობაზე და გაფუჭებულ მეტაბოლიზმზე.

მომწონს მითების მსხვრევა კვებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ ესე უფრო მარტივად აღიქვამს ადამიანი სიმართელეს, ჩემი მიზანი კი ხალხის დახმარება და სწორ გზაზე დაყენებაა.

დღესაც ვცადოთ რამოდენიმე მითის დამსხვრევა დიეტებთან და აკრძალვებთან დაკავშირებით. ასიდან ერთმა ადამიანმა მაინც, რომ დამიჯეროს, ჩემთვის უკვე დიდი წარმატებაა.


  • პოპულარული უგლუტენო დიეტა, რატომ? თუ არ გაქვთ ცელიაკიური დაავადება ან გლუტენის (წებოვანა) აუტანლობა არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ უნდა შევზღუდოთ წებოვანას მიღება. ეს არის ცილა, რომელიც გვხვდება ხორბალში, შვრიაში, ჭვავსა და ქერში. აღნიშნული პროდუქტები კი შეიცავს საკმაოდ სასარგებლო საკვებ ნივთიერებებს, როგორიცაა B ვიტამინი და უჯრედისი. თუ ამ პროდუქტები ამოღების მიზეზი მათი მაღალკალორიულობაა, მაგაზე შეგედავებით და გეტყვით, რომ საკმაოდ ბევრი პროდუქტი არის მაღალკალორიული, ხოლო თუ ვეტევით კალორიულ დეფიციტში მათი მიღება წონის მატების მიზეზით არ უნდა გვაშინებდეს. როგორც არაერთხელ ავღნიშნე, ზომიერება არის ჯანსაღი ცხოვრებისკენ პირველი გადადგმული ნაბიჯი.
  • არ ვიღებ ცხიმს, ცხიმი ასუქებს. უცხიმო დიეტების ტენდეცია წარსული 90-იანების ტრენდია, მაგრამ არა საქართველოში. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ აქტუალურია მსგავსი მოსაზრება, რაც უაღრესად საშიშია ჯანმრთელობისთვის. ცხიმი აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის, მას აქვს ისეთი სასარგებლო ფუნქციები, როგორიცაა ჩვენი ორგანოების დაცვა, უჯრედული მემბრანის შენარჩუნება, ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა. ცხიმი ორგანიზმს ვიტამინების ათვისებაში ეხმარება. ზოგიერთ ვიტამინს (მაგალითად, A, D, E და K) სინამდვილეში ჭირდება ცხიმი, რომ სწორად ისარგებლოს თქვენი სხეულით. აუცილებლად შეარჩიეთ ჯანსაღი ცხიმის შემცველი პროდუქტები და გახსოვდეთ, ცხიმის სრულად ამოღება იწვევს ჰორმონალურ დისბალანსს. 
  • ბევრი თანამადროვე და პოპულარული დიეტა დღესაც ორიენტირებულია ნახშირწყლის სრულად ან ნაწილობრივ აკრძალვაზე. თქვენ წარმოგიდგენიად სამუდამოდ ნახშირწყლის (ბურღულეული, პური, ხილი, ბოსტნეული) ამოღება რაციონიდან? და როდესაც მორჩებით დიეტას და დაიწყებთ მათ ჭამას რა მოხდება? დიახ, მალევე მოიმატებთ დაკლებულ კილოგრამებს. ნებისმიერი დიეტა ან კვების პროგრამა, რომელიც გამორიცხავს ცალკეულ მაკრო ნუტრიენტს, მიიღებს მსოფლიო წამყვან სამედიცინო კვლევითი ცენტრებისგან წითელ დროშას, რადგან შესაძლოა ორგანიზმს მოაკლოთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სასარგებლო ნივთიერებები.
  • დეტოქს დიეტები ასუფთავებს სხეულს მავნე ტოქსინებისგან. ფაქტიურად არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ დიეტური წმენდა რეალურად ასრულებს იმას რასაც გვპირდება. მეგობრებო, ჩვენი ღვიძლი, თირკმელები და კუჭ-ნაწლავის ტრაქტი მშვენივრად ახდენს ორგანიზმის წმენდას ადამიანის შექმნის დღიდან. თუ ამ გზით თქვენ სხეულის გაახალგაზრდავება/გაჯანსაღება გსურთ იკვებეთ ჯანსაღად და მიიღეთ ბევრი წყალი.
  • ყველაზე პოპულარული ტერმინი, 6-ის მერე არ ვჭამ. იგულისხმება საღამოს 18:00 საათის შემდეგ საკვების აკრძალვა, იმ მიზეზით, რომ საღამოდან საკვების მიღება უფრო ასუქებს ვიდრე დღის განმავლობაში. რეალურად ეს აკრძალვა ეხება ღამის საათებში უკონტროლო მაღალკალორიული საკვების მიღებას, ვინაიდან თუ კალორიულ დეფიციტში ეტევი საღამოს საათებში კვება ვერ გაგასაქუებს.
  • გრეიფრუტი, ძმარი, მწვანე ჩაი და ა.შ. ცხიმს არ წვავს. უკაცრავად, მაგრამ არცერთი საკვები/სასმელი არ წვავს ცხიმს ან არ აჩქარებს მეტაბოლიზმს ისე, რომ რაიმე გავლენა მოახდინოს წონის კლების პროცესზე. მიირთვით, თუ გსიამოვნებთ, მაგრამ წონაში კლების მიზნით არა.

დავივიწყოთ სიტყვა “დიეტა”, მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესით, დაბალანსებული კვებით და ცხოვრების სტილის შეცვლით მივაღწევთ სასურველ, გრძელვადიან შედეგს.

მეტი სტატია