დამღლელი, სტრესული დღე, ფორიაქი სამსახურში, თუ სახლში, ნერვიულობა, დეპრესია და ნევროზი… სიცარიელის შეგრძნება და საკვები, რომელიც ამ სიცარიელეს ავსებს. რამდენ ჩვენთაგანს ჰქონია მცდელობა საკვებით დაემშვიდებინა თავი და აღნიშნული სიცარიელე დროებით ამ გზით მაინც ამოევსო?
ყველა ჩვენთაგანს გამოუცდია ემოციური კვება ცხოვრების გარკვეულ მომენტში, სამწუხაროდ ჩვენ ყოველთვის არ ვიკვებებით ორგანიზმის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, ხშირად საჭმლის მიღება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ემოციების გამოკვებას ემსახურება.
ძვირფასო მკითხველო, ემოციური შიმშილი ვერასოდეს დაკმაყოფილდება საკვებით.
ემოციური შიმშილის დაკმაყოფილება პირდაპირ კავშირშია საკვების გადაჭარბებული რაოდენობით მიღებასთან, რაც მოკლევადიან პერიოდში გამშვიდებთ და კმაყოფილების განცდას განიჭებთ, მაგრამ მსგავს საქციელს უმალ მოსდევს დანაშაულის გრძნობა, სირცხვილის და უძლურების განცდა.
სწორედ ემოციური გაძღომა არის საწყისი შიმშილის და მკაცრი დიეტების, რაც თავის მხრივ გვიფუჭებს ნერვებს, ხასიათს, მეტაბოლიზმს და ზოგადად ჯანმრთელობას.
რა სხვაობაა ემოციურ შიმშილსა და ფიზიკურ შიმშილს შორის?
ემოციური შიმშილი
- მოდის უეცრად
- გშია კონკრეტული საკვები
- არ გსიამოვნებს დანაყრების შეგრძნება
- გაქვს დანაშაულის და სირცხვილის გრძნობა
ფიზიკური შიმშილი
- შიმშილის გრძნობა მოდის თანდათანობით
- გშია ნებისმიერი საკვები
- გრძნობ დანაყრებას და შეგიძლია შეწყვიტო ჭამა
- საკვების მიღების შემდეგ არ გრძნობ თავს ცუდათ
დეტალურად განვიხილოთ, თუ რა შეიძლება იყოს მიზეზი ემოციური შიმშილის.
სტრესი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია მსგავსი გაუთვიცნობიერებელი კვებისა, როდესაც სტრესი ქრონიკულია, რაც საკმაოდ ხშირია ჩვენს ქაოტურ სამყაროში, ბევრი ადამიანი მასზე გამკლავებას ვეღარ ახერხებს, იგი იმდენად შეჩვეული ამ მდგომარეობასთან ერთად ცხოვრებას, რომ ერთადერთ გამოსვალს, რომ მცირე პერიოდით მაინც შეიმსუბუქოს ყოფა ხედავს საკვებში.
ემოციური ჭამა შეიძლება დროებითი უსიამოვნო შეგრძნებების ჩახშობის მიზნითაც დავიწყოთ, მაგალითად რისხვა, მწუხარება, შიში, შფოთვა, მარტოობა, უკმაყოფილება, სირცხვილი. ჭამის პროცესში თითქოს ვივიწყებთ ამ შეგრძნებებს, რომელთა შემოჭრას ჩვენს ცხოვრებაში ისედაც არ მივესალმებით.
მოწყენილობა, კორონა ვირუსით გამოწვეულმა პანდემიამ დაგვანახა, რომ სწორედ მოწყენილობამ შეიძლება მიგვიყვანოს უკონტროლო კვებამდე. ამ შემთხვევაში საკვებს მხოლოდ დროის გაყვანის მიზნით ვიღებთ, შედეგად კი გვრჩება მომატებული კილოგრამები, რომელთა მოშორებას საკმაო ძალისხმევა სჭირდება.
ბავშვობის ჩვევები - გაიხსენეთ ბავშვობის საკვებთან დაკავშირებული მოგონებები. მშობლებმა დააჯილდოვეს კარგი ქცევა ნაყინით, დაიმსახურეთ შოკოლადი. ეს ჩვევები ხშირად შეიძლება მოზრდილ ასაკშიც გადავიდეს და ნებისმიერი პატარა წარმატების აღნიშვნა გემრიელი საკვებით მოგვინდეს.
სოციალური გავლენა - სხვა ადამიანებთან ერთად კვება მშვენიერი საშუალებაა სტრესის შესამსუბუქებლად, მაგრამ ხშირია გადაჭარბებული რაოდენობის საკვების მიღება მხოლოდ იმიტომ, რომ სუფრაა გაშლილი და ყველა ჭამს.
როგორ გავუმკლავდეთ ემოციებით მიღებულ კალორიებს?
გაერკვიეთ მიზეზში, რა სიტუაციები, ადგილები და შეგრძნებები გიბიძგებთ ემოციურ შიმშილისკენ? რომელი უარყოფითი შეგრძნების ჩახშობას ცდილობთ გემრიელი საკვებით? იქნებ საკვების მიღების ნაცვლად გავესაუბროთ მეგობარს, ან წავიკითხოთ წიგნი, შეიძლება გავისეირნოთ ან ვივარჯიშოთ, დავკავდეთ რაიმე საინტერესო აქტივობით. თუმცა თუ პრობლემა იმდენად ღრმაა, რომ უკვე ჯანმრთელობასაც უქმნის პრობლემას აუცილებლად მივმართოთ სპეციალისტს.
დავიმახსოვროთ, გრძნობების გამოკვება არ არის გამოსავალი.